ნავთობისა და გაზის მოპოვება ტრანსპორტირება გადამუშავება და გამოყენება

ნავთობისა და გაზის მოპოვება, ტრანსპორტირება, გადამუშავება და გამოყენება

თეიმურაზ გოჩიტაშვილი

პროფესორი, მეცნიერებათა დოქტორი

თბილისი, 2024

ISBN: 978-9941-8-3284-0

ნაშრომში ვრცლად არის განხილული ნავთობ- და გაზსადენების დაპროექტების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის საკითხები, რაც განპირობებულია საქართველოს, როგორც რეგიონის წამყვანი სატრანზიტო ქვეყნის, პოზიციონირებით საერთაშორისო ნავთობ-გაზის ინდუსტრიაში და, შესაბამისად, აღნიშნული საკითხებით მკითხველის დაინტერესებით. მსგავსი შინაარსის ტრადიციული გამოცემებისაგან განსხვავებით, მასში ვრცლად არის წარმოდგენილი წყალბადის წარმოების, შენახვა-ტრანსპორტირებისა და ენერგეტიკაში გამოყენებისა და ატმოსფეროში წიაღისეული საწვავის წვის შედეგად ემიტირებული სათბურის გაზების შემცირების ძირითადი ასპექტები, აგრეთვე, საკითხებს რომლებიც მოიცავს სახელშეკრულებო ურთიერთობებს ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში და საქართველოს ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის მიმდინარე მდგომარეობისა და განვითარების ძირითად ასპექტების მოკლე მიმოხილვას.

ნაშრომი განკუთვნილია ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში დასაქმებული მენეჯერებისა და სპეციალისტებისათვის, აგრეთვე ნავთობისა და გაზის მოპოვება/გამოყენების პროცესების ზოგადი საფუძვლებით დაინტერესებული მკითხველთა ფართო წრისა და პროფილური უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. მასში გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი მოიცავს როგორც ნავთობ-გაზის ინდუსტრიის ფუნდამენტური ცოდნის შემცველ, ისე თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციას და დაეხმარება სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს ძირითადი მიმართულებების მიხედვით სისტემატიზებული სამეცნიერო-კვლევითი, ანალიზური და სტატისტიკური მასალების პირველწყაროების მოსაძიებლად. ნაშრომში მოცემული მასალების გამოყენება შეუძლიათ ენერგეტიკულ სექტორში ინვესტირებით დაინტერესებულ ბიზნესმენებს, აგრეთვე რეგიონული ეკონომიკისა და გეოპოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს საბაზისო ინფორმაციის გასაცნობად.

ცნობარს დართული აქვს ნავთობისა და გაზის საერთაშორისო ბიზნესში გამოყენებული შერჩევითი ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი, განზომილებათა ერთეულები სხვადასხვა სისტემის მიხედვით და გადამყვანი კოეფიციენტები.

ნაშრომი შეიცავს, აგრეთვე, ვრცელ ჩანართს ინგლისურ ენაზე (Introductory GUIDE into Georgian Oil and Gas Industry), რომელიც ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ნავთობისა და გაზის ინდუსტრიისათვის დამახასიათებელ სპეციფიკასა და განვითარების პერსპექტივებზე. ამ ინფორმაციის გაცნობა დაინტერესებულ უცხოენოვან მკითხველს ზოგად წარმოდგენას შეუქმნის ქვეყნის ენერგეტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სექტორზე.

ნაშრომის განახლებული რედაქციის გამოცემის საჭიროება განაპირობა კოვიდ- პანდემიის შემდგომი და რუსეთ-უკრაინის ომის შედეგების მნიშვნელოვანმა ზეგავლენამ გლობალურ ეკონომიკაზე, მათ შორის ნავთობისა და გაზის ბაზრის მოთამაშეების პოზიციონირებაზე - კერძოდ, ნათელი გახდა, რომ არსებით ცვლილებას მოითხოვს საერთაშორისო ბაზრების წიაღისეული ენერგეტიკული რესურსებით მომარაგების უკანასკნელი 20-30 წლის განმავლობაში დომინირებული, მაქსიმალურ ფინანსურ მოგებაზე ორიენტირებული ტენდენცია, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ზოგიერთი ფუნდამენტური პრინციპის უგულებელყოფის ფონზე.